
30 და 31 მაისს პროექტის პარტნიორები შეიკრიბნენ დობრიჩში, ბულგარეთში, პირველი საველე გასვლისთვის – ექსპერიმენტისთვის შერჩეული სამოდელო კულტურების დასათვალიერებლად. 2 დღიან ღონისძიებას, რომელსაც პროექტის პარტნიორებისა და პროექტის გუნდის წევრების მიერ დანიშნული „პრაქტიკის საზოგადოების“ კოორდინატორები ესწრებოდნენ, წამყვანი პარტნიორი – დობრუჯის აგრარული და ბიზნეს სკოლა მასპინძლობდა. ვიზიტის პირველ დღეს ბულგარეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდან ჩამოსულმა პარტნიორებმა წარმოადგინეს მათ მიერ შემუშავებული კულტურათა მოდელები და ამ მოდელების გამოცდის შედეგები, აგრეთვე განსახორციელებელი მომდევნო ეტაპები და სავარაუდო შედეგებთან დაკავშირებული მოლოდინები.
პრეზენტაციების შემდეგ განხორციელდა საველე გასვლა დობრუჯას სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ექსპერიმენტულ სავარგულებში, რომლებიც ქალაქ გენერალ ტოშევოს მახლობლად მდებარეობენ. იქ მონაწილეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა მარცვლეული კულტურების ნათესები, როგორიცაა ტრიტიკალე (რომელიც ერთ-ერთ გამოსაცდელ კულტურად არის შერჩეული), ხორბალი, ჭვავი და სხვ. მათ მიაწოდეს გარკვეული ინფორმაცია ცვალებადი კლიმატური პირობების მიმართ (როგორიცაა გვალვა, ყინვა და ზოგადად არახელსაყრელი ამინდი) მდგრადი ახალი ჯიშების კვლევისა და მოვლა-მოყვანის შესახებ.
მეორე დღეს მონაწილეები წაიყვანეს ვარნას მახლობლად, სტრაშიმიროვოში მდებარე მეურნეობაში, საოჯახო მეურნეობის ბიზნეს მოდელის დასათვალიერებლად. ეს მეურნეობა სპეციალიზებულია 70-ზე მეტი სახის წიწაკის მოყვანაზე და მათგან სასურსათო პროდუქტების წარმოებაზე. გაკეთდა საინტერესო პრეზენტაცია ჯიშების (წარმოშობილი მთელი მსოფლიოდან) ბულგარეთის ადგილობრივ პირობებთან აკლიმატიზაციის მეთოდებზე. საველე გასვლა გაგრძელდა ვარნას მართვის უნივერსიტეტის კულინარიული ხელოვნების ინსტიტუტში ვიზიტით, სადაც შეფ-მზარეულებმა სტუმრებს გააცნეს ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოყენების შესაძლებლობები აგროსასურსათო ჯაჭვის მოქნილი მართვითა და პროდუქტების სეზონურობაზე ფოკუსირებით. ბოლოს, მოწვეულმა პარტნიორებმა დაათვალიერეს DABS-ის ექსპერიმენტული სავარგული და ღონისძიება დახურეს ერთობლივი დისკუსიით შედეგების კორექტირებისა და ჩანაცვლების შესახებ.
მომდევნო საველე გასვლა განხორციელდება თურქეთში 2022 წლის ივნისში, სადაც მასპინძელი პარტნიორი წარმოადგენს კაკლისა და მზესუმზირის მოყვანის მოდელებს კლიმატგონივრული მეთოდით ტექირდაგის რეგიონში.
AGREEN 1st Field trip_BG_30-31.05.22-AGENDA-v1