ოთხშაბათს, 2022 წლის 4 მაისს, AGREEN ევროპული პროექტის „შავი ზღვის აუზის ქვეყნების კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობის ტრანსსასაზღვრო ალიანსი“ ფარგლებში, ნოეზისის სამეცნიერო ცენტრსა და ტექნოლოგიების მუზეუმში, გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ინოვაციური ქსელური ინსტრუმენტებით“. შეხვედრამ, რომელიც ორგანიზებული იყო ანატოლიკი ს. ა. / ადგილობრივი განვითარების ორგანიზაციის მიერ, ვასილიკას სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივთან თანამშრომლობით წარმატებით ჩაიარა.
შეხვედრა გახსნეს თანასის სარაკინოსმა, თერმის მუნიციპალიტეტის მერის სახელით, და ანატოლიკი ს.ა.-ს გენერალურმა დირექტორმა იაკოვოს სარიანისმა.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და მისი პროდუქტების ხელშეწყობისთვის საჭირო ინოვაციური ქსელური ინსტრუმენტების პრეზენტაცია. მომხსენებელთა გამოსვლებიც ამ საკითხებზე იყო ორიენტირებული.
ანასტასია რიზოპულუმ, აგრონომიის მაგისტრმა და ანატოლიკი ს. ა.-ს თანამშრომელმა, წარმოადგინა AGREEN პროექტი და კლიმატის ცვლილების სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხების მოკლე ანალიზი. აგრეთვე შეეხო პროექტის ფარგლებში შემუშავებულ ონლაინ პლატფორმას, მის ინსტრუმენტებს, მიმდინარე ტრენინგ პროგრამებსა და შემდგომ ეტაპებს.
CERTH კვლევითი ცენტრის მკვლევარმა, დოქტორმა არისტოტელის ტაგარაკისმა, სტენდის დახმარებით წარმოადგინა ზუსტი სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე კვლევითი პროექტები და ის გზები, რომლითაც ინოვაციური ინსტრუმენტები ხელს შეუწყობენ კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებასა და ადაპტაციას.
შემდეგი გამომსვლელები იყვნენ დოქტორი ტანასის პატენიდისი და CERTH-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, დოქტორი ნოტის არგირიუ. მათ წარმოადგინეს ინოვაციური ციფრული ჰაბი სოფლის მეურნეობის-სურსათის წარმოების სექტორში და ბრინჯის ღირებულებათა ჯაჭვში, ცენტრალური მაკედონიის პრეფექტურის საპილოტე ღონისძიება INTERREG EUROPE RUMORE პროგრამის ფარგლებში.
მომხსენებლებმა ისაუბრეს ბრინჯის მიკვლევადობის პლატფორმის შესახებ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს პლატფორმა მალე ამუშავდება და მზად არის, რომ ბრინჯის მწარმოებლებმა გამოიყენონ ქალასტრის რეგიონში. QR კოდის დასკანირების შემდეგ, მომხმარებელი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას ბრინჯის სახელწოდებით ცნობილი პროდუქტის შესახებ, რომლის შეძენაც მას სურს (წარმოება, შენახვა, შეფუთვა, გაყიდვები).
შეხვედრის პირველი ნაწილი კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.
მეორე ნაწილში, თეოდოროს პაპადოპულოსმა, სალონიკის ხილისა და ბოსტნეულის ცენტრალური ბაზრის დირექტორმა, მსმენელს გააცნო ის ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება ბაზარზე, სასურსათო პროდუქტების (ხილისა და ბოსტნეულის) გაფუჭების თავიდან ასაცილებლად, რაც ამცირებს ორგანული ნარჩენების რაოდენობას. ის შეეხო ციფრულ პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს, როგორიცაა საქველმოქმედო ასოციაციები, შეაგროვონ გაუყიდავი ჭარბი სურსათი შემდგომი გამოყენებისთვის.
ცხოველთა სპეციალისტის, ამერიკული ფერმერული სკოლის თანამშრომლის, აგრონომიის დოქტორ ვიკი კრისტალიდუს გამოსვლა უკავშირდებოდა აგროსასურსათო სექტორში IT ტექნოლოგიების გამოყენებას გამომთვლელი ინსტრუმენტის სახით, კონკრეტულად კი INOFA-ს – სურსათის ინტერნეტ ალიანსის საქმიანობას. ამ მიმართულებით, ციფრული ტრანსფორმაციის რამდენიმე ტექნოლოგია დანერგილია სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობაში, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სფეროში, ნახშირბადის კვალის მონიტორინგისა და გაანგარიშებისათვის.
შეხვედრაზე ონლაინ ჩაერთნენ ფერმერები ქალაქ კილკისისთან მდებარე სოფელ მეტაქსოჩორიდან და მეცხოველეები ქალაქ ქსანტის მახლობლად მდებარე სოფელ ეჩინოსიდან. მათ ისაუბრეს INOFA-ს ქსელში მონაწილეობისა და აღნიშნული ციფრული ინსტრუმენტების საკუთარ სავარგულებსა და მეცხოველეობის ფერმებში დანერგვასთან დაკავშირებული გამოცდილების შესახებ.
შეხვედრის მოდერატორი იყო ქიმიური ინჟინერის მაგისტრი, ანატოლიკი ს. ა.-ს პროგრამირებისა და მდგრადი განვითარების დირექტორი ვასო პაპადოპულო, რომელმაც მონაწილეებს შესავსებად მიაწოდა ონლაინ კითხვარი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ANETH / ადგილობრივი განვითარების ორგანიზაცია, OECON-ის კონსულტანტების ჯგუფი, მკვლევრები, აგრონომები, ბიზნესმენები, სტუდენტები, მომხმარებლები და სხვ.