2022 წლის 11-13 ივლისს AGREEN-ის პროექტის პარტნიორების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში, რომელსაც მასპინძლობდა პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოდან – ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“. ქართველი კოლეგების დახმარებით, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან ჩამოსულმა ექსპერტებმა მოინახულეს საექსპერიმენტო ნათესები და სოფელ წნისში მდებარე მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანი“, სადაც დაათვალიერეს სამოდელო კულტურების ნაკვეთები – ბიოხორბლის სავარგული და და სინტროპული სოფლის მეურნეობის მოდელი.
საველე გასვლის მეორე დღე ნაყოფიერი დისკუსიითა და საქართველოს, ბულგარეთისა და თურქეთის საექსპერიმენტო სამოდელო კულტურების ერთმანეთთან შედარებით დაიწყო და სოფელ ღრელში, ზაზა ივანიძის მეურნეობაში ვიზიტით გაგრძელდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ტრადიციული ადგილობრივი სასურსათო პროდუქტების მომზადების ჩვენების მასტერკლასში და გაეცნენ მიწოდების მოკლე ჯაჭვის მაგალითს, რომელიც გარემოზე ზემოქმედებას მინიმუმამდე შემცირების შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრა დაიხურა თბილისში, სადაც პროექტის პარტნიორებსა და ადგილობრივ მონაწილეებთან გაიმართა ინფორმაციის გაცვლის შეხვედრები და დისკუსიები და საფუძველი ჩაეყარა მომავალ თანამშრომლობას.